გვესაუბრება სოციოლოგი, თსუ-ის პროფესორი ნინო დურგლიშვილი
COVID-19-ის პანდემიამ, გადადების უპრეცედენტო სიჩქარიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემას, არამედ თითქმის ყველა სოციალურ-ეკონომიკურ ინსტიტუტს შეუქმნა საფრთხე. მსგავსი გამოწვევისათვის მზად არ იყო მსოფლიოს არცერთი სახელმწიფო — რეალობა გვიჩვენებს, რომ რეაგირების მექანიზმები დაავადებისა და მისი გავრცელების შედეგების პარალელურად მუშავდება. ასეთ პირობებში, სოციალური პასუხისმგებლობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. უამრავი ადამიანი მუშაობს დაინფიცირების ძალიან მაღალი რისკის პირობებში, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი უკვე ემსხვერპლა სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას — ეს სწორედ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის შედეგს წარმოადგენს.
თუ გავითვალისწინებთ მედპერსონალისა და ყველა იმ სხვა პროფესიის ადამიანის თავდადებას, რომელიც საკუთარ მოვალეობებს სიცოხლისათვის საშიშ პირობებში მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირების მიზნით, საქართველო, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, ვფიქრობ, ეკონომიკური ფაქტორი გამოწვევად რჩება.
COVID-19-ის გადადების გზებიდან და სისწრაფიდან გამომდინარე, თითოული ინდივიდის პასუხისმგებლობას თუ უპასუხისმგებლობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ინფიცირებულთა რაოდენობა ისე გაიზრდება, რომ შეუძლებელი გახდება მათი იზოლაცია და მკურნალობა, ეს სისტემურ კრიზისს გამოიწვევს ყველა მიმართულებით. ცუდი სცენარის პირობებში არც სოციალური კოლაფსია გამორიცხული. ადამიანთა დიდი ნაწილი დაავადების თუ არა, მისი შედეგების მსხვერპლი აღმოჩნდება. ამის თავიდან აცილება მხოლოდ ინდივიდების დონეზეა შესაძლებელი. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს სოციალურ უპასუხისმგებლობას შეიძლება ბევრი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლოს.
ამ გაგებით, შექმნილი მდგომარეობა ნათლად გვიჩვენებს, რომ ინდივიდისა და საზოგადოების კეთილდღეობა ერთმანეთისაგან განუყოფელია — ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, სანამ საზოგადოებაში დაავადება ვრცელდება; არც ის არის სწორი, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საფრთხეს მხოლოდ საკუთარ თავს უქმნის — დაინფიცირების შემთხვევაში იგი აღმოჩნდება საფრთხის შემცველი ბევრი სხვა ადამიანისათვის, საბოლოოდ კი — მთელი საზოგადოებისთვის.
ამ თვალსაზრისით, საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერების ასამაღლებლად ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს ადამიანების ოპერატიული და ობიექტური ინფორმირება როგორც არსებული მდგომარეობის, ისე — დაავადებისა და მისი შესაძლო შედეგების შესახებ.
საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩემი აზრით, ასევე მნიშველოვანია იმის დემონსტრირება, რომ დაავადების პრევენციასთან, მისი გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე ხორციელდება და პოლიტიკასთან კავშირში არ არის.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა
ბიზნეს ჯგუფების სოციალური პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ინდივიდის შემთხვევაში, საზოგადოების კეთილდღეობასა და გარემოზე ზრუნვას გულისხმობს. სოციალურ პასუხისმგებლობას ბიზნესთან მიმართებაში პანდემიის გარეშეც განსაკუთრებული როლი ენიჭება, რადგან ბიზნესი ხშირად ეკოსისტემაზე, გარემოზე ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისი დარგების მრავალი მეცნიერი მხარს უჭერს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ეკოსისტემის ცვლილება გენური მუტაციების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. ბიზნესის წარმომადგენლებმა, პირველ რიგში, ის უნდა გააცნობიერონ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის უგულებელყოფა მხოლოდ სხვების კი არა, მათი პრობლემაცაა, რადგან ისინიც იმ გარემოში ცხოვრობენ, რომელშიც — საზოგადოების სხვა წევრები.
გლობალური მასშტაბით სიტუაცია ისეა გამწვავებული, რომ დაუინტერესებელი მხარე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ყველამ და, მათ შორის, ბიზნესმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს პანდემიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, არა მხოლოდ დაინფიცირებულ, არამედ, ზოგადად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროების მქონე ადამიანთა დახმარებაში. და ეს არ არის მხოლოდ კეთილი ნების აქტი:
ა) უშუალოდ დაავადებასთან მიმართებაში არავინ არის დაცული რაიმე დემოგრაფიული პარამეტრის მიხედვით — პანდემია საფრთხეს წარმოადგენს გენდერის, ასაკის, შემოსავლის, საქმიანობის, განათლების, ეთნიკური თვითიდენტობის, რასის და ა. შ. მიუხედავად.
ბ) ბიზნესის შემთხვევაშიც ნარჩუნდება ის საფრთხეები, რომლებსაც დამსაქმებლებთან დაკავშირებით შევეხეთ.
გ) გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი დაკარგავენ მომხმარებლის მნიშვნელოვან ნაწილს, თუ პანდემიის შემდგომ პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი მსყიდველობითუუნარო აღმოჩნდება.
ახლა სწორედ ის სიტუაციაა, როდესაც სხვა ადამიანებზე ზრუნვა საკუთარ თავსა და ბიზნესზე ზრუნვის ტოლფასია.
სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა
არსებულ რეალობაში სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საზოგადოების ყველა ფენის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაავადების, არამედ არსებობისათვის აუცილებელი ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ჯანდაცვა, ცხადია, ნომერ პირველი პრიორიტეტია, მაგრამ მოსახლეობის უზრუნველყოფა საკვებით, საცხოვრებლით, ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო საშუალებებითა და სხვა აუცილებელი პირობებით, არანაკლები მნიშვნელობის ამოცანებს წარმოადგენს. ამავე დროს, შექმნილი სიტუაციის მართვის პარალელურად, მნიშვნელოვანია პოსტპანდემიური პრობლემების გათვალისწინებაც, რაც სახელმწიფოს მხრიდან რელევანტური სტრატეგიების შემუშავებას, ფინანსური და მატერიალური რესურსების უაღრესად ოპტიმალურ მართვას გულისხმობს.
ესაუბრა თამარ დადიანი